გახარია: ნებისმიერი შემდგომი შეზღუდვები იქნება მხოლოდ ლოკალური

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სისტემური და მასშტაბური შეზღუდვები ქვეყანაში ამ ეტაპზე არ იგეგმება
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

როდის მოხვდება საქართველო ნარინჯისფერ ან წითელ ზონაში: თამარ გაბუნიას განმარტება >>

ქვეყანაში სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო რვა ქალაქის – თბილისი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები იძულებული არიან 1 ოქტომბრამდე დისტანციურად ისწავლონ. სხვა ქალაქებსა და სოფლებში სასწავლო დაწესებულებები გაიხსნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ შემდგომ ღონისძიებებს ექნება მიზნობრივი და ლოკალური ხასიათი, სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

„ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძიება, ქმედება, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები“, - განაცხადა გახარიამ.
ქვეყნის მასშტაბით 20 კრიტიკული პაციენტია: COVID-19-ის გეოგრაფია საქართველოში

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვისკენ.

„ნორმალური ცხოვრების პირობებში გავრცელება რომ იყოს შედარებით დაბალი, უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მარტივად – დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 294-ით გაიზარდა და 5254-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დაემატა 87 ადამიანი.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1906 ადამიანი, გარდაიცვალა – 28, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5674, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.