ცნობილი გახდა დეტალები კორონავირუსით გარდაცვლილი 28-ე პაციენტის შესახებ

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ 59 წლის ქალი კლინიკაში ორმხრივი პნევმონიითა და სეფსისით შეიყვანეს
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსით გარდაცვლილ 28-ე პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

59 წლის ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დღეს გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტი აჭარიდან იყო.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ 59 წლის ქალი კლინიკაში ორმხრივი პნევმონიითა და სეფსისით შეიყვანეს. მას ასევე დიაბეტი ჰქონდა.

„პაციენტს სხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი. პაციენტი კლინიკაში შემოვიდა მწვავე სუნთქვის უკმარისობით და ორმხრივი პნევმონიით, ასევე ჰქონდა სეფსისი. ორი წლის წინ გულზე გაკეთებული აქვს შუნტირება“, – განაცხადა ნოდარ მაღლაკელიძემ.
თელავის საკარანტინო სივრცეში 29 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

საქართველოში დღეს კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მთლიანობაში დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ 4960-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1819 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 781 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.