თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საყოველთაოდ ცნობილი აგენტი 007, იგივე ჯეიმს ბონდი იან ფლემინგის მიერ გამოგონილი პერსონაჟი კი არა, სრულიად ნამდვილი აგენტი გამოდგა, იუწყება The Times.
გავრცელებული ინფორმაციით, მზვერავის შესახებ დოკუმენტები, რომლებიც ნამდვილი ბრიტანელი აგენტის საქმიანობაზე მოგვითხრობს, პოლონეთის უშიშროების სამსახურის არქივებში აღმოაჩინეს.
ირკვევა, რომ ჯეიმს ალბერტ ბონდი 1964 წლის 18 თებერვალს მიავლინეს პოლონეთში დიდი ბრიტანეთის საელჩოში, როდესაც ის 36 წლის იყო. ბონდის მუშაობა სამხედრო ატაშეს მდივან–არქივარიუსის თანამდებობაზე სულ ერთი წელი გაგრძელდა, ვინაიდან პოლონეთის დაზვერვამ ის მალევე გაშიფრა და ფაილიც შექმნა მისი ფოტოთი.
ბონდზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ის იყო „ძალიან ენაწყლიანი, მაგრამ ძალიან ფრთხილი“. ამასთან, ფილმის პერსონაჟის მსგავსად, ისიც „დიდ ინტერესს იჩენდა ქალების მიმართ“.
1964 წელს ჯეიმს ალბერტ ბონდი და კიდევ სხვა ორი ბრიტანელი აგენტი ქალაქ ბელოსტოკსა და ოლშტინში ჩასულან, რათა სამხედრო ობიექტებზე შეეღწიათ. სხვა მონაცემები ფაილში აღნიშნულის თაობაზე არ ფიქსირდება.
1965 წლის 21 იანვარს ბონდს პოლონეთის ტერიტორია დაუტოვებია, ვინაიდან, პოლონელი სპეციალისტების აზრით, როგორც ჩანს, მალევე გააცნობიერა, რომ „ღირებული ინფორმაციის მოპოვებას ვერ შეძლებდა“.
პოლონური მასალების თანახმად, ჯეიმს ალბერტ ბონდი ბრიტანეთის დევონის საგრაფოს ქალაქ ბიდეფორდში დაიბადა 1928 წლის 30 იანვარს. თუმცა ნამდვილი სახელით ჩავიდა პოლონეთში თუ გამოგონილით, ეს უცნობია.