მსოფლიო დღეს

„შეთქმულება მომიწყო“: დონალდ ტრამპს ძმისშვილი სასამართლოში უჩივის

პრეზიდენტის უფროსი ძმის ქალიშვილი ბიძებსა და მამიდას მის წინააღმდეგ „შეთქმულების ორგანიზებაში“ სდებს ბრალს.
Sputnik

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უფროსი ძმის ფრედის ქალიშვილი მერი ტრამპი ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოში უჩივის და მისი კუთვნილი ათობით მილიონი დოლარის მიტაცებაში სდებს ბრალს, იუწყება გაზეთი New York Times.

​გავრცელებული ინფორმაციით, გარდა პრეზიდენტი ბიძისა, მერი ტრამპი იგივე ბრალს სდებს მამიდა მერიენსა და აწ გარდაცვლილ მეორე ბიძას, რობერტს. მისი თქმით, ახლო ნათესავების „სამეულმა“ შეთქმულების გზით მას და მის ძმას მამისეული ქონების ნაწილი წაართვეს და ასევე არ მისცეს მათ ბაბუის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის წილი.

სარჩელში აღნიშნულია, რომ 1981 წელს ფრედ ტრამპის გარდაცვალების შემდეგ 16 წლის მერის მეურვეები დონალდ, რობერტ და მერიენ ტრამპები გახდნენ, რომლებმაც, იმის ნაცვლად, რომ მის ინტერესებზე ეზრუნათ, მთელი სქემა შექმნეს ქონების მისატაცებლად.

უკვე 1999 წელს კი, როდესაც ტრამპების მამა, ანუ მერის ბაბუა გარდაიცვალა, ქალი აიძულეს, ხელი მოეწერა გარიგებაზე, რომლის თანახმადაც მას „ათობით მილიონი დოლარი (და შეიძლება მეტიც) წაართვეს“.

„თაღლითობა მათთვის იყო არა უბრალოდ ოჯახური საქმიანობა, არამედ ცხოვრების წესი“ — ნათქვამია დონალდ, რობერტ და მერიენ ტრამპების წინააღმდეგ შედგენილ სარჩელში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მერი ტრამპი თავის ახალ წიგნში წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ოჯახის ნეგატიური გავლენის გამო, სხვა ადამიანებისადმი თანაგრძნობის უნარი აქვს წართმეული და უამრავი კომპლექსით იტანჯება.