კიბერდანაშაულის სქემა გახსნილია: დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა კიბერდანაშაულის ბრალდებით ოზურგეთში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 და 30 წლის მამაკაცებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და კომპიუტერული მონაცემების უნებართვო შეცვლა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 აპრილსა და 6 ივნისს ერთ-ერთმა ბრალდებულმა მის მიერ კუსტარულად აწყობილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით მოახერხა ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზესტაფონში მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამული უზრუნველყოფის გასაღების, ე.წ. „დონგლის“ კოდის გაწერა. 

„საქართველოს ბანკისა“ და „თი-ბი-სი“-ს მსგავსი ვებ-გვერდები - კიბერდანაშაული გახსნილია

„ერთ-ერთმა დაკავებულმა კუსტარული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გამოყენებით ონლაინ–ტოტალიზატორის მის მიერვე შექმნილ, არავერიფიცირებულ და ერთ-ერთი მომხმარებლის ვერიფიცირებულ ანგარიშებზე თაღლითური გზით გადარიცხა 7 ათასი ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი – 2 ათასი ლარი მეგობართან ერთად გაანაღდა, რომელიც ამავე ონლაინ–ტოტალიზატორის მომხმარებელია. თანხის მეორე ნაწილი კი – 5 ათასი ლარი ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი ბანკომატიდან თავად გამოიტანა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, საბანკო პლასტიკური ბარათები ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 284-ე მუხლის მეორე, 286-ე მუხლის მესამე და 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც სამიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.