თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. მკაცრი წესებით, დისციპლინით, მაგრამ არა შეზღუდვებით და ეკონომიკის გაჩერებით, ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გახარიას განმარტებით, ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შესაძლოა დაწესდეს, იქნება ლოკალური და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ის არ შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება და საარჩევნო პროცესი.
„საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით სუსტია, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგად გაუმკლავდა ამ გამოწვევას. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ექვს თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა. მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შეიძლება თეორიულად იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვა“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.
ეზუგბაია: ბათუმში 141 პაციენტიდან 80%–ზე მეტის მდგომარეობა მძიმეა>>
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705 პაციენტი, გარდაიცვალა 25 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.