ცესკოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაცია გრძელდება

ამ დროისათვის ცესკოში საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია ექვსმა ორგანიზაციამ გაიარა.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისათვის ექვსი საერთაშორისო და 53 ადგილობრივი ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც არჩევნების მსვლელობას დააკვირდებიან, ნათქვამია ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

როგორ უნდა მოხდეს საკარანტინო სივრცეებში არჩევნების ორგანიზება? შეხვედრა ცესკოში

ამ ეტაპზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მხოლოდ განაცხადები შეაქვთ. ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გახდება.

ამ დროისათვის ცესკომ საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დაარეგისტრირა: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), „ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისთვის" (SILBA) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

ადგილობრივი ორგანიზაციების რაოდენობა გაცილებით მეტია – 53, მათ შორის არიან ისეთი გამოცდილი ორგანიზაციები, როგორიცაა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ა.შ. კენჭისყრის პროცესების გაშუქების მიზნით ცესკოში აკრედიტაციას მასმედიის წარმომადგენლებიც გადიან. ამ დროისათვის რეგისტრაცია უკვე გაიარა 16-მა მედია-ორგანიზაციამ.