აჭარაში რესტორნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეიზღუდება

შეზღუდვები აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო ეპიდემიური ვითარების სირთულის გათვალისწინებით დაწესდება.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში ხვალიდან შეზღუდვები ამოქმედდება – მუშაობას შეწყვეტენ რესტორნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა ბრიფინგზე.

რესტორნებისთვის შეზღუდვები ღამის 22:00 საათიდან ამოქმედდება. დღისით რესტორნები ჩვეულებრივ იმუშავებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი მთლიანად გაჩერდება.

გახარია: შეზღუდვები არ შეეხება ეკონომიკას, განათლებასა და საარჩევნო პროცესს

შეზღუდვები საქართველოში და, კერძოდ, აჭარაში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო შექმნილი რთული ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით წესდება. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარას უკავშირდება.

დღეს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც შესაძლოა დაწესდეს, იქნება ლოკალური და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ის არ შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ეკონომიკა, განათლება და საარჩევნო პროცესი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.