თბილისის გარეუბანში ახალი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება

კახა კალაძის განცხადებით, ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ავჭალის რაიონში ორ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

თბილისში ელიავას ბაზრობის ნაწილს რეკრეაციულ ზონად გადააქცევენ

მისი განცხადებით, პარკის კეთილმოწყობისთვის ავჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა. სკვერის დაპროექტება თბილისის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება.

„ყველასთვის ცნობილია, რომ იმ პარკებსა და სკვერებში, სადაც სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, განსაკუთრებით ზაფხულში ყველა ასაკის ადამიანების სიმრავლე იყო. ამიტომაც ჩვენ ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რათა ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ. მწვანე ფერი უხდება თბილისს“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის სიტყვებით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება დღეს არსებულ ეკოლოგიურ პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც ქალაქში ავტომობილების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება, გამონაბოლქვი კი გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.