მსოფლიო დღეს

ტრამპისთვის რიცინის გამგზავნი ქალი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს: ვრცელდება ფოტო და ვიდეო

წერილში ფერიე ემუქრებოდა დონალდ ტრამპს, რომ „თუ შხამი არ იმოქმედებდა“, ის სხვა რეცეპტს მოძებნიდა, ან პისტოლეტს გამოიყენებდა მის წინააღმდეგ.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტისთვის ძლიერმოქმედი შხამის – რიცინის შემცველი ამანათის გაგზავნაში ეჭვმიტანილი ქალი თავს უდანაშაულოდ აცხადებს, იუწყება მასმედია.

​გავრცელებული ინფორმაციით, კანადის 53 წლის მოქალაქე პასკალ ფერიე სასამართლოს წინაშე სულ რამდენიმე წუთით წარდგა — მოსამართლემ მისი სახელით შუამდგომლობა შეიტანა უდანაშაულობის შესახებ. მორიგი სხდომა 28 სექტემბრისთვისაა დანიშნული. 

პასკალ ფერიე გასულ კვირაში დააკავეს, როდესაც ის აშშ-ში შესვლას ცდილობდა. მას თან ჰქონდა დანა და პისტოლეტი.

სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, რიცინის შემცველ ამანათს თან ერთვოდა წერილი, რომელშიც ფერიე დონალდ ტრამპს „მახინჯ ტირანად და მასხარად“ მოიხსენიებდა და მოითხოვდა, მოეხსნა კანდიდატურა არჩევნებიდან.

გარდა ამისა წერილში ფერიე იმუქრებოდა, რომ „თუ ეს (შხამი) არ იმოქმედებდა“, ის სხვა რეცეპტს მოძებნიდა, ან პისტოლეტს გამოიყენებდა, თუ ქვეყანაში შესვლას შეძლებდა.

აღსანიშნავია, რომ ფერიე ასევე არის ეჭვმიტანილი შხამის შემცველი წერილების გაგზავნაში ტეხასის პენიტენციალურ სისტემაში დასაქმებული ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც ასევე აღმოაჩინა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სექტემბრის შუა რიცხვებში.