ირინა ალქსნინი
დისტანციური ვიდეოფორმატი, რომლის მეშვეობითაც იღებენ მსოფლიო ლიდერები მონაწილეობას გაეროს გენასამბლეის საიუბილეო, 75-ე სესიაში, უნებურად უფრო მეტ ინფორმაციასა და საფიქრალს იძლევა, ვიდრე მათი ტრადიციული გამოსვლები ორგანიზაციის ნიუ-იორკის შტაბ-ბინაში. ანტურაჟიც კი, რომელშიც იმყოფებიან სახელმწიფოთა ლიდერები, მეტად სიმბოლურია.
ყველაზე მეტი ინტერესი დღეს კანონზომიერად გამოიწვია პლანეტის სამი ყველაზე გავლენიანი ადამიანის მოხსენებებმა. დონალდ ტრამპის სიტყვა კიდევ ერთ წინასაარჩევნო ღონისძიებად იქცა, რომელშიც ხაზგასმული იყო არა მარტო მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი — ანტიჩინური მიმართულება, არამედ ამერიკის ლიდერის გაეროსადმი ქედმაღლურ–დამამცირებელი დამოკიდებულებაც.
ტრამპმა სიტყვა თეთრი სახლის ჩვეულ პრეს-ვითარებაში წარმოთქვა, სახელმწიფო დროშისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის დროშის ფონზე — ყოველგვარი იმაზე მინიშნების გარეშე, რომ მისი სიტყვის ადრესატი არათუ გაერო, არამედ თუნდაც საერთაშორისო აუდიტორია იყო.
ამერიკის ლიდერმა მანამდე არაერთგზის განაცხადა, რომ ვინაიდან მისი ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფინანსებელი ყველაზე მსხვილი წყაროა, ამიტომ ის ვაშინგტონის ქვეშევრდომია და ვალდებულია შეასრულოს მისი განკარგულებები.
ეჭვგარეშეა, მისი წინამორბედებიც ანალოგიურად ფიქრობდნენ, მაგრამ ტრამპი პირველი აღმოჩნდა, ვინც თავს უფლება მისცა, ამგვარი პოზიცია ღიად დაეფიქსირებინა და თანაც დასჯით დამუქრებოდა ურჩობის შემთხვევაში. ასე რომ, მის მიერ დღევანდელი გამოსვლის გამოყენება საარჩევნო კამპანიის ამოცანების გადასაჭრელად სრულად ჯდება ამგვარი მიდგომის ჩარჩოში.
რუსულმა მედიასაშუალებებმა შენიშნეს, რომ ამერიკის პრეზიდენტს არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი. სამაგიეროდ ჩინეთი დასახელდა თორმეტჯერ (სხვათა შორის, „შეერთებულმა შტატებმა“ მხოლოდ ათჯერ გაიჟღერა). სწორედ ეს გამომწვევი, პირდაპირ სკანდალური ანტიჩინური სული იყო ტრამპის სიტყვის არსი. მარტო პეკინის დასჯის მოწოდება რად ღირდა, კორონავირუსის გავრცელების გამო, ან სიტყვაში „ჩინური ვირუსის“ გამოყენება.
ამერიკული მოხსენების ხაზგასმით კონფრონტაციული ხასიათი ეწინააღმდეგება გაეროს ტრადიციებსა და დაუწერელ კანონებს. მაგრამ პეკინი აშკარად ელოდებოდა მსგავს დემარშს. და საქმე მარტო ის არაა, რომ ამერიკის პრეზიდენტის გამოხდომებს ელვისებურად მოჰყვა ჩინეთის წარმომადგენლის პასუხი.
სი ძინპინის სიტყვა მიმდინარე მომენტის ყველაზე მწვავე პრობლემებს ეძღვნებოდა (უპირველესად, რაღა თქმა უნდა, COVID-19-თან მსოფლიო ბრძოლას) და ჩვეულ აწონილ ტონში იყო „გამოყვანილი“.
თუმცა ეს კია, ქვეყნის ლიდერი ჩინეთის დიდი კედლისა და ჩინური მკაცრი ბუნების მასშტაბური გამოსახულების ფონზე იჯდა. ძნელი იყო არ გაგეგოთ კომპოზიციაში ჩადებული გამჭვირვალე სიმბოლური ქვეტექსტი: სი ძინპინის ზურგს უკან დგას უზარმაზარი უძველესი ქვეყანა, რომელიც მზადაა გაუძლოს ნებისმიერ გარე საფრთხეს.
ამერიკული და ჩინელი კოლეგების კონტრასტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტის სიტყვა ყველაზე ტრადიციული ჩანდა: დაწყებული პუტინის მიერ წამოწეული, თანამედროვეობის ფუნდამენტური პრობლემების ფართო სპექტრიდან, დასრულებული ხაზგასმული „გაეროული“ ანტურაჟით, რომლის ფონზეც ის საუბრობდა. დაცული იყო რუსეთის ლიდერის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ისეთი თავისებურებაც, როგორიცაა ტექსტის ფურცლიდან კითხვა და არა ტელესუფლიორის გამოყენება.
პუტინი საუბრობდა გაეროს როლის მნიშვნელობაზე პლანეტაზე სტრატეგიული სტაბილურიბის მხარდაჭერაში, ისტორიის დამახინჯების დაუშვებლობაზე, შეიარაღებაზე კონტროლის შენარჩუნების აუცილებლობასა და, რაღა თქმა უნდა, კოლექტიური საერთაშორისო ძალისხმევების მნიშვნელობაზე კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში და მის სოციალურ–ეკონომიკურ შედეგებზე.
არსობრივადაც და ფორმითაც ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის სიტყვა, რომლის ქვეყანაც უბრალოდ თვალს ადევნებს მსოფლიოს მორიგ ქაოსის ეპოქაში ჩაძირვას და, ამასთან, ყველაფერს აკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ არ დაუშვას ყველაზე საშინელი შედეგი.
პუტინმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ 75 წლის განმავლობაში არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის, დიალოგისა და ურთიერთგაგების სისტემას გასულ ჯერზე საშინელი ფასი გადაეხადა. და რუსეთი, რომელმაც მაშინ მასში დიდი წვლილი შეიტანა, ბოლომდე იქნება ნორმალურობისა და ჯანსაღი აზრის პატარა კუნძული, რომლის იმედიც პლანეტას ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს