თბილისში საცხოვრებელი ფართი კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა

მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად დაუკანონებს.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისში 18 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ - ვიდეო

კალაძის განცხადებით, ამ საცხოვრებელ ფართებში მცხოვრები ოჯახები ბინების დაკანონებას, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემებისა და სხვადასხვა ხარვეზის გამო, წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

„კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი, აქედან 83 გახლავთ ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, ერთი ოჯახი – ქიზიყის ქუჩაზე, სამი კი მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ფართის დაკანონების მსურველებს მოუწოდა, მათი რაიონის გამგეობას მიმართონ.

„გამგეობაში ზედმიწევნით აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინები დაიკანონოთ, ბინები, სადაც ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობთ. ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას განვაგრძობთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონებს. პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები უკვე 900-მდე ოჯახს დაუკანონდა.