ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღები 1 ოქტომბრიდან დაიწყებენ მუშაობას

საბავშვო ბაღებში გაძლიერებულად მიმდინარეობს აუცილებელი სადეზინფექციო სამუშაოები და პარალელურად ინფრასტრუქტურის განახლება – ყველა პანდემიის პირობებში მუშაობისთვის ემზადება.
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ზუგდიდის რაიონის სკოლამდელ დაწესებულებებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება.

როგორც ტელეკომპანია Imedi იუწყება, საბავშვო ბაღები გაითვალისწინებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და განათლების უწყების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთას ემსახურება.

უკეთესია, მაგრამ პრობლემები არ შემცირებულა: რა აჩვენა საბავშვო ბაღების მონიტორინგმა

საბავშვო ბაღებში მიმდინარეობს სადეზინფექციო და ამის პარალელურად – ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები. მუნიციპალური განვითარების ფონდი ანაკლიასა და ჯუმში ახალ საბავშვო ბაღებს აშენებს. ტენდერი დამატებით ოთხი საბავშვო ბაღის აშენებაზე უკვე გამოცხადებულია.

სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში 14 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო პროცესის ორი კვირით – 1 ოქტომბრამდე გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობაა 3913. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1574 ადამიანი, გარდაიცვალა 22 პაციენტი.