IRI-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩამოვა

IRI-ს სადამკვირვებლო მისია ხუთი კაცის შემადგენლობით საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვა.
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია (IRI) 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს>>

მისიის შემადგენლობაში იქნება ხუთი ტექნიკური ანალიტიკოსი. ისინი საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან და მას ყველა დონეზე შეაფასებენ.

„IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის. მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მასმედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე“, – განაცხადა IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

დამკვირვებლები საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვლენ. IRI საქართველოს პარტნიორია დაახლოებით 25 წლის განმავლობაში და ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყველა არჩევნების მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებს.

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში – ცესკომ წესები დაადგინა

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა ნიქსმა.

არჩევნების შედეგებზე IRI გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

IRI-ს გარდა, უკვე ცნობილია, რომ არჩევნებს საქართველოში დისტანციურად დააკვირდება აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – მინისტრმა ბრძანება გამოსცა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიებიდან აირჩევენ, ხოლო 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.