COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანმომ COVID-19-ის ბალახებით მკურნალობა გადაწყვიტა: აბზინდის ნაყენი კლინიკურად გამოიცდება

აპრილში ჯანმოს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ იცის, შველის თუ არა აბზინდის ნაყენი COVID-19-ს.
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ COVID-19-ის სამკურნალოდ აფრიკული სამკურნალო მცენარეების სამეტაპიან კლინიკურ გამოკვლევას მხარი დაუჭირა, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე.

აბზინდის ნაყენი COVID-19-ის სამკურნალოდ: ჯანმო ოფიციალურად განმარტავს

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილატიკის ცენტრის ტრადიციული მედიცინის რეგიონული კომიტეტის ექსპერტებმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ხალხური წამლების ჩართვის საკითხი მას შემდეგ წამოჭრეს, რაც მადაგასკარის პრეზიდენტმა ანდრი რაძუელინამ მათ აბზინდის ნაყენის ტესტირება შესთავაზა. კვლევებით დადგენილია, რომ აღნიშნული სასმელი ეფექტურია მალარიის წინააღმდეგ.

ამ დროისათვის ეს ნაყენი, სახელწოდებით COVID-Organics, ან CVO, ფართოდ გამოიყენება მადაგასკარზე და ასევე მთელ რიგ აფრიკულ ქვეყნებში.

„თუ ტრადიციული მედიცინის პროდუქტი უსაფრთხო, ეფექტური და გარანტირებული ხარისხისა აღმოჩნდება, ჯანმო მას ფართომასშტაბიანი ადგილობრივი წარმოებისთვის რეკომენდაციას მისცემს“, — განაცხადა აფრიკაში ჯანმოს წარმომადგენელმა პროსპერ ტუმუსიმემ.

აღსანიშნავია, რომ აბზინდა დიდი ხანია მედიცინაში გამოიყენება. ის რეფლექტორულად აღაგზნებს მადას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გამოიყენება პანკრეასის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებისას. გარდა ამისა, შედის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის გასაუმჯობესებელ წვეთებში, მადისმომგვრელ, მეტეორიზმის საწინააღმდეგო და ნაღვლისმდენ ნაკრებებში. აბზინდა შედის ბრიტანეთის ფარმაკოპეაში, იყენებენ მრავალი ქვეყნის ტრადიციულ მედიცინაში და ჰომეოპათიაში.