კორონავირუსი შსს-ს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა, მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა

შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან – თითოეულ მათგანს PCR-ტესტი ჩაუტარდა.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ბოლო 24 საათში კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა, მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის შემდეგ იმერეთი – რეგიონების მიხედვით კორონავირუსის შემთხვევების სტატისტიკა

გავრცელებული ინფორმაციით, ორი შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ერთი შემთხვევა გამოვლინდა შსს-ს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა დაცვის პოლიციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა სამეგრელოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს თანამშრომელსაც.

რაც შეეხება აჭარას, ინფიცირების სამი შემთხვევა დადასტურდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, ერთი ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ერთი შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში და ორი შემთხვევა – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში. 

ვინ არის საქართველოში კორონავირუსის მეოცე მსხვერპლი

„შენობებში, სადაც აღნიშნული პირები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩატარდა. 13-ვე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფება – თითოეულ მათგანს PCR-ტესტი ჩაუტარდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 193-ით გაიზარდა და 3695-ს მიაღწია. ინფიცირების შემთხვევებიდან 92 აჭარას უკავშირდება.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი. გარდაიცვალა 20. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.