საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში

თავის ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეეხო მშვიდობის, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებს
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა ოთხი საფუძველი, რომელზეც დგას „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“.

გაერო თავის იუბილეს კორონავირუსის პანდემიით შექმნილი სიტუაციის ფონზე აღნიშნავს. წევრი ქვეყნების ლიდერები რიგრიგობით გამოდიოდნენ სიტყვით ვიდეომიმართვების ფორმატში, რომელთა მთავარი გზავნილი იყო მომავლის ხედვა, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში.

ზურაბიშვილი: პანდემიის შედეგებთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი

პრეზიდენტის თქმით, პირველი საფუძველი არის მშვიდობა.

„მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად „გაყინული“ მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეორე საფუძველია - „სიცოცხლისუნარიანი პლანეტა“.

„ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა... ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია, ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მესამე საფუძველია - „ინკლუზიური და ჯანსაღი საზოგადოება“.

საუკეთესო ქვეყანა ბავშვებისთვის: გაერო რეიტინგს აქვეყნებს

„კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა. საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია. ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

და მეოთხე საფუძველი, უკიდურესი, მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, არა უკანასკნელი - „განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში“.

„მიუხედავად ინფორმაციის სანდოობის მიმართულებითა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეებისა, ინტერნეტის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა განათლების, კულტურისა და კრეატიული ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გაერო შეიქმნა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და გაძლიერების, თანამშრომლობის განვითარების მიზნით. ის მოწოდებულია წარმოადგენდეს ერების შეთანხმებული მოქმედებების ცენტრს საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. გაეროს წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს, მისი წევრი 193 სახელმწიფოა.