მსოფლიო დღეს

იუპიტერზე მძვინვარებს გრიგალი, რომელსაც „დედამიწის ჩაყლაპვა“ შეუძლია: ვრცელდება ვიდეო

სპეციალისტების თქმით, იუპიტერზე დაფიქსირებული საშინელი ძალის გრიგალი საათში 650 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო NASA-ს ექსპერტებმა ტელესკოპ Hubble-ის მეშვეობით პლანეტა იუპიტერზე უნიკალური წითელი და თეთრი გრიგალების ფოტოები გადაიღეს და საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნეს.

სპეციალისტების თქმით, წითელი გრიგალი, რომელიც საკმაოდ ძლიერია, იმდენად, რომ შეუძლია „დედამიწა ჩაყლაპოს“, ამ დროისათვის უკვე შემცირებისკენ მიდის.

იმავდროულად მის ქვემოთ ფიქსირდება მეორე გრიგალიც, რომელიც კვლავ მრისხანებს და ფერს იცვლის (ამ დროისათვის ის თეთრია). თუმცა ის მნიშვნელოვნად სუსტია პირველზე.

„Hubble-ის ახალ უნიკალურ და შთამბეჭდავ ფოტოზე ჩანს კაშკაშა თეთრი გრიგალი ჩრდილოეთ განედზე, რომელიც საათში 650 კმ სიჩქარით მოძრაობს“, — ნათქვამია Hubble-ის ოფიციალურ საიტზე.

აღნიშნული ფოტო მიმდინარე წლის 25 აგვისტოსაა გადაღებული, როდესაც იუპიტერი დედამიწიდან 653 მლნ კილომეტრით იყო დაშორებული.