ახალციხეში გარდაცვლილის შვილს Covid-19 დაუდასტურდა: სამძიმარზე ათეულობით პირი იმყოფებოდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 3502-ს მიაღწია
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. ახალციხეში გარდაცვლილი ქალის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, სპეციალისტები კი სამძიმარზე მისული 150-ზე მეტი ადამიანის კონტაქტებს სწავლობენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქე მშობლის დასაფლავებაზე სომხეთიდან 13 სექტემბერს ჩამოვიდა. მისი კორონავირუსით ინფიცირების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც საქართველოს საზღვარი დატოვა და სომხეთში დაბრუნდა. სავარაუდოდ, მას COVID–19 სომხეთის საზღვარზე აღებული ტესტის მიხედვით დაუდასტურდა.

როგორი სიტუაციაა აჭარაში: დეტალები COVID-19-ით ინფიცირების შესახებ

ახალციხეში დაკეტილია რამდენიმე დაწესებულება, მოქალაქეები კარანტინში არიან გადაყვანილები, მათ შორის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიის ერთი წევრი.

გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანი, სადაც ქელეხის სუფრა გაშალეს, 2 ათასი ლარით დააჯარიმეს, დაკეტილია სილამაზის სალონიც, სადაც ინფიცირებული სტუმრად იმყოფებოდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 196-ით გაიზარდა და 3502-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კი 13 ადამიანი შეემატა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1494 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.