COVID-19 - ბოლო ცნობები

„აღარ იცავენ ზომებს“ - ჯანმო COVID-19-თან დაკავშირებულ გაუარესებულ სიტუაციას აფასებს

ჯანმოში აღნიშნეს, რომ სკოლების გახსნა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში ერთ-ერთი გამოწვევა გახდა, მაგრამ ეს საჭირო ნაბიჯია განათლების, ბავშვთა სოციალიზაციისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ბალკანეთის რეგიონის და მთლიანად ევროპის ქვეყნების მცხოვრებლებმა შეწყვიტეს კორონავირუსის საწინააღმდეგო წესების შესრულება, რამაც რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულება გამოიწვია. ამის შესახებ РИА Новости-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბელგრადის ოფისში განუცხადეს.

ალბანეთის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას, სლოვენიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ხორვატიის, მონტენეგროს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკა კოსოვოს ხელისუფლებები აღნიშნავენ კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდას ივლისსა და აგვისტოში ავადობის შემცირებისა და შეზღუდვების შერბილების და საზღვრების ნაწილობრივი გახსნის შემდეგ.

ჯანმო არ გამორიცხავს: COVID-19-ის წინააღმდეგ მასშტაბური ღონისძიებები შეიძლება დაბრუნდეს

„ჩვენ ვაწყდებით სერიოზულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას არამარტო რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანა ამ სიტუაციაზე ჯანდაცვის ადექვატური ზომებით კოორდინირებულად და მტკიცედ რეაგირებდეს. ეს ნიშნავს სავარაუდო შემთხვევებისა და მათ შორის კავშირების შემოწმებას, კონტაქტში მყოფი პირთათვის კარანტინს, დისტანციის დაცვას, თუ შეუძლებელია პირბადეების ტარება, სუნთქვის და ხელების ჰიგიენის დაცვას“, - განუცხადეს სააგენტოს ჯანმოში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, ეპიდვითარების გაუარესების მიზეზებს შორისაა მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების ზომების არ შესრულება, განსაკუთრებით გართობის დროს, სტადიონებზე, ღამის კლუბებში, რელიგიურ ობიექტებზე, დღესასწაულებზე და სხვა მასობრივ შეკრებებზე.

„ინფექციის პროფილაქტიკა და კონტროლი მასზე სერიოზული გამოწვევა გახდა ზოგიერთი სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნეს ორგანიზაციაში.

ჯანმოს ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა უკვე 30 მილიონს აჭარბებს. ბოლო დღე-ღამეში პლანეტაზე 312 ათასზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა. გარდაიცვალა უკვე 948 ათასი ადამიანი.