საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა უმრავლესობა უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმძიმისაა

ეპიდემიოლოგები პაციენტების მკურნალობს სახლის პირობებში გეგმავენ - მიმდინარეობს ექიმების გადამზადება
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჭარბობენ მსუბუქი, უსიმპტომო ან საშუალო სიმძიმის პაციენტები, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დროისათვის 1657 პაციენტი მკურნალობს. მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია, ხუთი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა ჩართული.

გამყრელიძე: ჩემი შვილიშვილები ფიქრობენ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში

„ზოგადად ბოლო ორ კვირაში გვაქვს ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა და ეს ძირითადად ხდება აჭარის რეგიონის ხარჯზე, სადაც გვაქვს ეპიდაფეთქება, მაგრამ სიტუაცია სრულად მართვადია და მათ შორის აჭარის რეგიონში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ აჭარაში პაციენტების მართვა სახლში დაიწყოს. მისი თქმით, უახლოეს დღეებში პირველადი ჯანდაცვის ექიმები კიდევ ერთხელ გადამზადდებიან, რათა პაციენტებს სახლის პირობებში უმკურნალონ.

გამყრელიძის თქმით, 30 იანვრიდან საქართველოში 534 ათასი PCR-ტესტი და დაახლოებით 301 ათასი სწრაფი ტესტი გაკეთდა.

ეპიდემიოლოგმა მოუწოდა ყველას ცხელების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებს მიმართონ. მისი თქმით, ეს პირველი წელიწადია, როდესაც გრიპთან და სხვა რესპირატორულ დაავადებებთან ერთად, რომლებიც შემოდგომით აქტიურდება, იარსებებს ასევე კორონავირუსი. საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და რეკომენდაციების შესრულება.

გურიაში კორონავირუსი პედაგოგებს დაერია >>

ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ექნება გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასამდე დოზა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანაზე მუშაობს.

„როგორც წესი, ვაქცინა გაუკეთდება რისკჯგუფებს და ეს რისკჯგუფები ყოველწლიურად ისაზღვრება იმუნიზაციის საბჭოს დადგენილებით. ვცდილობთ მაქსიმალურად, გავზარდოთ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის მარაგი. ძალიან ბევრ ბაზარზე და ბევრ მწარმოებელთან გვაქვს კონტაქტი და შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა, ვაქცინა ექნებათ კერძო კომპანიებსაც“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 182-ით გაიზარდა. სამთავრობო ვებგვერდ StopCov-ის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 3119-ე შეადგენს.