ქალი პოლიტიკოსები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების წინააღმდეგ: პეტიცია არჩევნების წინ

განცხადებაში ნათქვამია, რომ სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამოყენება შანტაჟისა ან დაშინების მიზნით დაუშვებელია
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ცნობილმა ქალმა პოლიტიკოსებმა საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე 41 დღით ადრე ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეწინააღმდეგებიან, იუწყება „პირველი არხი“.

საქართველოში ტელეარხები და ინტერნეტი ბავშვებისთვის გაცილებით უსაფრთხო ხდება

კომპრომატების და პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ბოლო წლების „ბინძური პოლიტიკის“ ნაწილი გახდა. ბოლოჯერ სკანდალი აგორდა 2018 წელს დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემდეგ, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დასრულდა.

„პირადი ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია. დაუშვებელია სექსუალური ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების, შერცხვენის, დაშინების მიზნით“, - ნათქვამია ქალთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალმა პოლიტიკოსებმა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ყველა მსხვერპლს სოლიდარობა გამოუცხადეს და მოუწოდეს სახელმწიფოს მსგავს ფაქტებზე რეაგირება განსაკუთრებული სიმკაცრით მოახდინოს.

ერთობლივ დეკლარაციას სხვადასხვა ქართული პარტიის 18-მა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი.