პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა

ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა, მის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის, ინექციის კვალი არ აღენიშნება, განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე. 

ბაჩალიაშვილის საქმე: პროკურატურა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების ნამდვილობას შეამოწმებს

პროკურორის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე ცნობილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები და ასევე ცნობილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის შედეგების თანახმად კი დადგინდა, რომ პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა – ინექციის გზით.

„ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გულუაშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ „ბაკურიანის“ ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი. 

რატომ არ ჩაერთო ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში FBI? პროკურატურის განმარტება

„ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია (სითხეში შეტივნარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები), ანუ ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით“, – აღნიშნა პროკურორმა.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.