ძალადობა პოლიციელებზე – რუსთავში ორი ახალგაზრდა დააკავეს

რუსთავში ახალგაზრდებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სასამართლომ ქურდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გაამართლა

უწყება ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში პატრულირებისას ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი არ დაემორჩილა. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელა.

19 წლის ორი ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას.