თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსის განახლებულ ანგარიშში, რომელიც ქვეყნების მაჩვენებლებს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში ასახავს, საქართველომ 1,0 შესაძლო ქულიდან 0,57 ქულა დააგროვა და, შესაბამისად, 2018 წლის მაჩვენებელი 0,04 ქულით გააუარესა.
შეფასება 0,57 ნიშნავს, რომ ქვეყანაში დღეს დაბადებული ბავშვი შესანიშნავი განათლებისა და სრულფასოვანი ჯანმრთელობის შემთხვევაში ზრდასრულ ასაკში თავისი პოტენციური პროდუქტიულობის 57 პროცენტს მიაღწევს.
მოხსენების ყველაზე დაბალი ქულები საქართველომ დაიმსახურა განათლების ხარისხში, ბოლო წლებში ყველა განხორციელებული რეფორმის მიუხედავად.
შედარებისთვის, 2020 წლის მაჩვენებლებით, მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს აქვთ ერთნაირი ქულები - 0,58, რაც 0,1 ქულით მაღალია საქართველოს მაჩვენებელზე. რუსეთმა კი 0,62 ქულა დააგროვა.
რეიტინგში ლიდერობენ სინგაპური, ჰონგ-კონგი, იაპონია, კორეის რესპუბლიკა და კანადა. ბოლო ადგილები გაინაწილეს მალიმ, ნიგერმა, სამხრეთ სუდანმა, ჩადმა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ.
ადამიანური კაპიტალის ინდექსი პირველად 2018 წელს გამოქვეყნდა, ის სწავლობს ბავშვის განვითარების ტრაექტორიას - დაბადებიდან 18 წლის ასაკამდე. განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, როგორიცაა ბავშვის მიერ ხუთი წლის ასაკის მიღწევის ალბათობა, დაწყებით და საშუალო სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა განათლების ხარისხის გათვალისწინებით, სიმაღლეში ჩამორჩენის მაჩვენებლები, ასევე ალბათობა იმისა, რომ 15 წელს მიღწეული ადამიანები 60 წლამდე იცოცხლებენ.