გამყრელიძე: საქართველო კვლავ „მწვანე ზონად“ ითვლება

მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით კვლავ „მწვანე ზონაში“ რჩება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

როდის შეიძლება ველოდოთ ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლის კლებას? უწყების განმარტება

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 179-ით გაიზარდა.

„ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 14 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა – 100 ათას მოსახლეზე გვაქვს 2,63. მიუხედავად ამისა, საქართველო კვლავ „მწვანე ზონაშია“, ამ კუთხით ჩვენთვის ზღურბლი გახლავთ 5 და შემდეგ მოდის „ყვითელი“, უფრო საფრთხილო ზონა... დღეს მრუდმა ოდნავ ქვემოთ დაიწია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ამ მრუდს მდგრადი ხასიათი შეუნარჩუნდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ყვითელი ზონა“ დღე-ღამეში 100 ათას მოსახლეზე 10-30 შემთხვევას მოიაზრებს. საქართველოს მიმართ ეს არის 370-დან 1100-მდე შემთხვევა. თუ ქვეყანა ამ მაჩვენებელს ორი კვირის განმავლობაში მიაღწევს, უკვე „ყვითელ ზონაში“ გადავა. 

აჭარა კვლავ „ლიდერია“: რომელ რეგიონებს უკავშირება კორონავირუსის ახალი შემთხვევები

კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, რეგიონების მიხედვით, აჭარა კვლავ „ცხელ წერტილად“ რჩება. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 სწორედ აჭარას უკავშირდება. 

აჭარაში შექმნილი ეპიდვითარების გამო ხელისუფლებამ რიგი შეზღუდვები დააწესა.

ბათუმის შესასვლელებში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები განთავსდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეს PCR-ტესტი ჩაუტარდება.

გარდა ამისა, რეგიონში არსებულ ყველა ობიექტზე მკაცრდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლი.

მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 2937 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1422  ადამიანი. გარდაცვლილია 19 პაციენტი,

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.