დიაგნოზი მარტივად და სწრაფად: ექიმები დეპრესიას გულისცემით ამოიცნობენ

ახალმა სისტემამ პულსის სადღეღამისო მაჩვენებლებზე დაყრდნობით აბსოლუტურად სწორი დიაგნოზი დაუსვა დეპრესიაში მყოფ 16-დან 14 პაციენტს და ასევე 16-დან 15 ჯანმრთელ ადამიანს.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. პულსის დათვლით დეპრესიის სწრაფად ამოცნობა და ასევე იმის დადგენა შეიძლება, შველის თუ არა ადამიანს ამა თუ იმ სახის მკურნალობა, აცხადებენბელგიელი და გერმანელი მეცნიერები. მათი კვლევის შედეგები ნეიროფსიქოფარმაკოლოგიის ევროპული კოლეგიის 33-ე კონგრესზე იყო წარმოდგენილი (33rd ECNP Virtual Congress), რომელიც ონლაინ–რეჟიმში ჩატარდა.

„საპილოტო კვლევა აჩვენებს, რომ 24 საათის განმავლობაში პულსის სიხშირის ანალიზით 90%-იანი სიზუსტით შეიძლება ითქვას, არის თუ არა ადამიანი დეპრესიაში“, — ამბობს გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო ნაშრომის პირველი ავტორი კარმენ ივეკი.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარები 24-საათიან რეჟიმში აკვირდებოდნენ ექსპერიმენტის მონაწილეთა პულსს, რამაც მათ გულის მუშაობის სრული სურათი მისცა. აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღამის დაკვირვებები იყო.

როგორ ამოვიცნოთ დეპრესია ბავშვებში: დასახელდა ფარული ნიშნები

კვლევაში სულ 32 მოხალისე მონაწილეობდა. აქედან 16 ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომლებსაც არანაირი ტრადიციული მკურნალობა არაფერს შველოდა, ხოლო კიდევ 16 ჯანმრთელი იყო და ისინი საკონტროლო ჯგუფში მოხვდნენ.

თითოეულ მონაწილეს უწყვეტ რეჟიმში ეზომებოდა გულის შეკუმშვის სიხშირე სამი დღე–ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ დეპრესიაში მყოფი პაციენტებისთვის პრეპარატ კეტამინის მიცემა დაიწყეს (ანტიდეპრესანტი, რომელიც ერთი წლის წინ დაამტკიცეს აშშ-სა და ევროპაში), ხოლო საკონტროლო ჯგუფი პლაცებოს იღებდა. ამის შემდეგ საცდელ პირებს ისევ ჩაუტარდათ პულსის ანალიზი.

აღმოჩნდა, რომ დეპრესიაში მყოფი პაციენტების პულსი კეტამინის მიღებამდე საშუალოდ 15 დარტყმით აღემატებოდა ჯანმრთელებისას.

შველის ღრმა დეპრესიას: დადგენილია მძიმე დაავადებისგან განკურნების ახალი მეთოდი

კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა პულსის ქცევა დღისით და ღამით. გაირკვა, რომ დეპრესიისგან თავისუფალი ადამიანების გული ღამით ძილისას იმაზე ბევრად იშვიათად სცემდა, ვიდრე დღისით, ხოლო დეპრესიით დაავადებულების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი თითქმის თანაბარი იყო.

ამის შემდეგ მკვლევარებმა შექმნეს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც პულსის სადღეღამისო მაჩვენებლებზე დაყრდნობით სვამდა დიაგნოზს. სისტემამ აბსოლუტურად სწორი ვერდიქტი გამოუტანა ექსპერიმენტის მონაწილე 14 დეპრესიაში მყოფს და ასევე 15 ჯანმრთელ პაციენტს.

იოლი გზა დეპრესიის დასათრგუნად: მეცნიერების ფართომასშტაბიანი კვლევის პასუხი>>

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ კვლევები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მათში დიდი რაოდენობით მოხალისე ჩაერთოს. თუ შემდგომი კვლევები ახლა მიღებულ შედეგებს დაადასტურებს, მაშინ პულსის მონიტორინგი გახდება დეპრესიის დიაგნოსტიკის უმარტივესი და ყველაზე ეფექტური კრიტერიუმი.