თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირების სხვა შემთხვევებიდან, რეგიონების მიხედვით, 16 უკავშირდება იმერეთს, 15 – თბილისს, 7-7 – სამეგრელო–ზემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთს, 4–4 კი გურიასა და კახეთს.
მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით აჭარა კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება.
ამ დროისათვის კლინიკებსა და კოვიდ–სასტუმროებში, სადაც მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები გადაჰყავთ, კორონავირუსის დიაგნოზით 1488 პაციენტი მკურნალობს. მათგან ცხრის მდგომარეობა კრიტიკულია, მძიმე პაციენტების რაოდენობა კი თითქმის 70-ია.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 32 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, ხუთი კი მძიმე პაციენტია.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 2937 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1422 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.