სროლა რაგბის კავშირში – დაჭრილია ერთი პირი

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხარაზიშვილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ დაჭრა.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, იუწყება „პირველი არხი“.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თორნიკე გოგებაშვილის ინფორმაციით, დაჭრილია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ხარაზიშვილი. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ის ფეხშია დაჭრილი. გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოხდა პოლიციის გამოძახება და რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი თანამშრომლობს პოლიციასთან“, – აღნიშნა გოგებაშვილმა.

გოგებაშვილის განცხადებით, მომხდარი სხდომასთან დაკავშირებული არ ყოფილა და მისთვის უცნობია, რას მოჰყვა დაპირისპირება.

მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარაზიშვილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ დაჭრა.

ამ დროისთვის რაგბის კავშირში სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს თანამშრომლების გამოკითხვა. მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.