ყვითელი ამბები

„ვაშა! სამსახურში ვარ!“ – რატომ დატოვა დროებით მაია ასათიანმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“?

მაია ასათიანი „რუსთავი-2“-ს დაუბრუნა. რა მოხდა ტელეწამყვანის კარიერულ გზაზე და რატომ მოუწია მას რამდენიმე დღით ტელევიზიიდან წამოსვლა?
Sputnik

მას შემდეგ, რაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ში კორონავირუსი „კურიერის“ წამყვანს თეონა ცხომელიძეს დაუდასტურდა, ტესტი ყველა თანამშრომელმა ჩაიტარა, თუმცა 400-ვე თანამშრომლის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, მათ შორის გადაცემა „პროფილის“ ავტორისა და პროდიუსერის ტესტის პასუხებიც.

მაია ასათიანი საკუთარ ჯანმრთელობასა და ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე რამდენიმე დღის მანძილზე დაუსრულებლად ფიქრობდა, მანამ, სანამ ტესტის პასუხები არ გაიგო. ჟურნალისტს კოვიდ-19 არ დაუდგინდა, თუმცა მან რამდენიმე დღით ტელევიზია დატოვა, რადგან თეონა ცხომელიძესთან უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა. ტელევიზიას ერთი დღის წინ დაუბრუნდა და საყვარელ საქმეს ახალი იდეებით შეუდგა, მანამდე კი ტესტის მოლოდინში კვლავ ყოველდღიურ ცხოვრებას უზიარებდა თაყვანისმცემლებს.

მაია ასათიანმა კორონავირუსისთვის განკუთვნილი ტესტი ორჯერ გაიკეთა. თვითიზოლირებულმა ჟურნალისტმა ძაღლებთან ერთად ვიდეო გადაიღო და აღნიშნა, რომ მათთან ერთად მოწყენა შეუძლებელია და, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს.

საკუთარ სახლში ხალხისგან იზოლირებულმა ტელესახემ რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა. ტელეწამყვანი ჰყვებოდა, თუ როგორ ატარებდა ტესტის პასუხის მოლოდინში დროს. ვიდეოზე ჩანს, რომ ქალს მომარაგებული აქვს წიგნები და ირგვლივ შემოკრებილი სამივე ძაღლი, რომლებიც პატრონის სახლში ყოფნით ძალიან გახარებული არიან.