„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: „ეს არ არის დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის“

„ლოკომოტივის“ ერთადერთი მიზანია - ქომაგები გაახაროს და უჩვენოს კარგი თამაში, განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, განაცხადა თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩის წინ მოსკოვის „დინამოსთან“, რომელიც თბილისში გაიმართება.

„მე პოლიტიკაში არ ვერევი, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე ბევრია სათქმელი, თუმცა ეს სპორტია, მოედანზე ფეხბურთს ვთამაშობთ და იმედია, მეორე გუნდიც ასე ფიქრობს. მოსკოვის „დინამოს" ეთამაშება თბილისის "ლოკომოტივი", ესაა სულ, ვისაც სხვა რამ აინტერესებს, ასეთი რამ ჩვენგან შორსაა. ჩემს ბიჭებსაც ეს ვუთხარი“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

„ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი: „ეს არ არის დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის“

ამასთან ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მის გუნდს წნეხის ქვეშ მოუწევს თამაში.

„წნეხს რაც შეეხება, წნეხი სულ არის, როცა ქართული გუნდები ევროპაში გავდივართ. ჩემთვის მთავარი მამოძრავებელია, რომ როდესმე მოვხვდეთ ჯგუფურ ეტაპზე. ერთხელ რომ მოხდება ეს, ვინც არ უნდა მოახერხოს, მერე გაადვილდება. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მოსკოველებს ვეთამაშებით თუ რუმინელებს, ეს სარბიელია, რომელზეც ქართველ გულშემატკივარს სიხარული უნდა მოვუტანოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა.

ჭიაბრიშვილი მოსკოვის „დინამოს“ თამაშის სტილსაც შეეხო. მისი თქმით, „დინამო“ დაცვაში თამაშობს და მთელი მატჩის დროს შეიძლება ელოდოს თავის შანსს, როგორც ეს „ზენიტთან“ თამაშის დროს იყო, რომელშიც „დინამომ“ 1:0 მოიგო.

მისი თქმით, განსხვავდება მოსკოვის „დინამოს" და რუმინული „კრაიოვას“ გუნდების ტაქტიკა საკმაოდ განსხვავებულია.

„შევისწავლეთ და გავარჩიეთ გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც. კრაიოვას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა, მაგრამ მათ წინააღმდეგ თამაში ადვილი იყო, რადგან სულ ერთი ტაქტიკით და შემადგენლობით თამაშობდნენ. მოსკოველები კი განლაგებას ცვლიან, ხან 5 მცველით თამაშობენ, ხან - ოთხით. მათი მოთამაშეების 80 % თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს... ერთი სიტყვით, ორივე ძლიერი გუნდია, მაგრამ მოსკოველებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე უფრო მეტი მოთამაშე ჰყავს და მეტი კლასიც აქვთ“, - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

რაც შეეხება „ლოკომოტივის“ მოთამაშეებს, ჭიაბრიშვილის თქმით, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და მატჩისთვის მზადაა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოსთან“ შეხვედრამდე გენერალური რეპეტიცია გაიარა

„მზადება ჩვეულებრივი იყო, მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით, ტრავმირებულები არ არინ და თამაშს კარგი განწყობით ვხვდებით, რადგან საქართველოს ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა მოვიგეთ“, - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი თბილისის „ლოკომოტივსა“ და მოსკოვის „დინამოს“ შორის თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე 17 სექტემბერს 21:00 საათზე გაიმართება.

უეფას რეგულაციებისა და რეკომენდაციების თანახმად, რომლებიც COVID-19-ის პანდემიას უკავშირდება, ტურნირის ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნებით გაიმართება.

მატჩის ონლაინ-ტრანსლაცია იხილეთ Sputnik-საქართველოს ვებგვერდზე ხუთშაბათს 20:00 საათიდან.