თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ირანის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას აშშ-ის მხრიდან „ათასჯერ მასშტაბური“ პასუხი მოჰყვება, წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ Twitter-აკაუნტზე.
მანამდე გაზეთი Politico წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის აზრით, ირანის ხელისუფლება გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობის პასუხად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აშშ-ის ელჩის ლანა მარქსის ლიკვიდაციის საკითხს განიხილავს.
„პრესის ინფორმაციით, ირანი შესაძლოა გეგმავდეს მკვლელობას ან სხვა სახის თავდასხმას შეერთებული შტატების წინააღმდეგ ტერორისტი ლიდერის სულეიმანის მკვლელობაზე შურისძიების მიზნით. ირანის ნებისმიერ თავდასხმას აშშ-ზე ნებისმიერი ფორმით მოჰყვება ირანზე თავდასხმა, რაც ათასჯერ მასშტაბური იქნება“, — ნათქვამია ტრამპის ტვიტში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ჰათიბზადემ, თავის მხრივ, განმარტა, რომ მტკიცება, თითქოს თეირანი ამერიკის ელჩზე თავდასხმას გეგმავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, უსაფუძვლოა. თუმცა, მისი თქმით, თეირანი არ დაივიწყებს და არ აპატიებს ვაშინგტონს სულეიმანის „ლაჩრულ მკვლელობას“. ამასთან მინისტრმა აშშ სხვათა საქმეებში სამხედრო ჩარევასა და ათობით მკვლელობის დაგეგმვა–რეალიზაციაში დაადანაშაულა.