თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის საზღვრიდან რვა კილომეტრში, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგი თბილისის დროით 18:51 საათზე ჩეჩნეთში დაფიქსირდა. ეპიცენტრი 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.