ქართველმა სუმოისტმა ტოკიოში შემოდგომის ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ტოკიოს ბაშოზე ტოჩინოშინმა დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა იუტაკაიამა დაამარცხა.
Sputnik

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე ორი მარცხის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

შეჯიბრების მესამე დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში გამოდის, აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა იუტაკაიამა დაამარცხა – მეტოქე დოჰიოდან განდევნა.

ეს სუმოისტების მეოთხე დაპირისპირება იყო. ოთხივე ქართველმა მოიგო.

შეჯიბრების მეოთხე დღეს გორგაძე დასავლეთის მეხუთე მაეგაშირას ტაკარაფუძის შეხვდება. მეტოქეების პირადი შეხვედრების ანგარიშია 12:7 ტოჩინოშინის სასარგებლოდ.

შემოდგომის აკი ბაშო 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.