მსოფლიო დღეს

ტრაგედია ქორწილში: უბედურ შემთხვევას 5 წლის ბიჭუნა ემსხვერპლა

დაღუპული ბავშვის დედის მხარდასაჭერად შემოწირულობების შეგროვება დაიწყო. ორი დღის განმავლობაში აუცილებელი 10 ათასი დოლარიდან 3 ათასამდე დოლარი უკვე შეგროვდა.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ხუთი წლის ბიჭუნა ქორწილის დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, იუწყება გაზეთი New York Post.

​გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია 4 სექტემბერს მოხდა სასტუმრო Drake Hotel-ში, სადაც პატარა ლუკა ბერლინგერიო მშობლებთან ერთად იმყოფებოდა ახლობლების ქორწილში.

პოლიციის ინფორმაციით, სასტუმროს სათვალთვალო კამერებზე ჩანს, როგორ ადის ლუკა გრანიტის ზედაპირიან მაგიდაზე, რომლის გვერდით მდგარ დივანზე სხვა ბავშვები თამაშობდნენ. ბიჭუნამ მაგიდიდან ჩამოსვლა მოინდომა და წონასწორობის დასაცავად გრანიტის ზედაპირს წაეპოტინა, რომელიც გადაყირავდა და ბავშვს თავზე დაეცა.

ლუკა ბერლინგერიო სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ, გამომდინარე თავის უმძიმესი ტრავმებიდან, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ჩვენი გუნდი თავზარდაცემულია ამ საშინელი ტრაგედიით. გვსურს თანავუგრძნოთ ოჯახს და მათ მეგობრებს. ვცემთ რა პატივს კონფიდენციალობას, ინციდენტის დეტალების გამჟღავნებისგან თავს შევიკავებთ“, — განაცხადა სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა ლი ჰენერმა.

აღსანიშნავია, რომ დაღუპული ბავშვის დედის მხარდასაჭერად საიტზე GoFundMe შემოწირულობების შეგროვება დაიწყო. ორი დღის განმავლობაში აუცილებელი 10 ათასი დოლარიდან 3 ათასამდე დოლარი შეგროვდა. გულშემატკივარი ადამიანები თანხების გადარიცხვას განაგრძობენ.