ქართველმა სუმოისტმა შემოდგომის ტურნირზე ასპარეზობა ორი მარცხით დაიწყო

ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა - იუტაკაიამას შეხვდება.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც ტოჩინოშინის სახელით ასპარეზობს, ტოკიოში შემოდგომის აკი ბაშოზე პირველი ორი ორთაბრძოლა წააგო.

პირველ საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი, რომელსაც დასავლეთის მეოთხე მაეგაშირას სტატუსი აქვს, ვერ გაუმკლავდა კირიბაიამას - აღმოსავლეთის მეხუთე მაეგაშირას. მეორე ბრძოლაში გორგაძე ჭილოფის ფარგლებს გარეთ განდევნა დასავლეთის მესამე მაეგაშირა ტერუცუიოსიმ. ტოჩინოშინის ეს დამარცხება საკმაოდ მოულოდნელი გახდა, რადგან ქართველი სუმოისტი მეტოქეზე 62 კილოგრამით მეტს იწონის.

ტურნირის მესამე დღეს ტოჩინოშინი შეხვდება აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირა იუტაკაიამას. პირად დაპირისპირებაში ქართველი სპორტსმენი ანგარიშით 3:0 იგებს.

შემოდგომის აკი ბაშო 27 სექტემბრამდე გასტანს.