თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა კარიერას პოლონურ „ლეხში“ გააგრძელებს, ნათქვამია პოზნანის კლუბის ვებ-გვერდზე.
კაჭარავა პოლონურ კლუბში კვიპროსის „ანორთოსისიდან“ იჯარის უფლებით გადავიდა და ის პოლონური გუნდის ღირსებას 2020/2021 წლის სეზონის ბოლომდე დაიცავს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კლუბი ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვას 250 ათას ევროდ შეძლებს.
„ბედნიერი ვარ, „ლეხში“ გადასვლის შანსი რომ მომეცა. როდესაც „კორონაში“ ვთამაშობდი, პოზნანში თამაშის შესაძლებლობა არ მქონია. ამიტომაც მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როდესაც ამ ულამაზეს სტადიონზე ფანტასტიკური ქომაგების წინაშე ვითამაშებ. „ლეხი“ ავირჩიე, რადგან გუნდი ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის და იმედი მაქვს, რომ ამ მიზნების მიღწევაში გუნდის დახმარებას შევძლებ“, – განაცხადა კაჭარავამ.
ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმება შეაფასა პოლონური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტომაშ რზასმა.
„ჩვენს კლუბში თავდასხმის სხვადასხვა ხაზი გვაქვს. ნიკა ფიზიკურად ძალზე ძლიერი ფეხბურთელია და ვფიქრობ, რომ მისი შეძენით ჩვენ დაბალანსებული შეტევა გვეყოლება“, – აღნიშნა მან.
კაჭარავამ ბოლო ორი სეზონი კვიპროსზე, „ანორთოსისის“ შემადგენლობაში გაატარა. კლუბის სახელით მან ყველა ტურნირში 50 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი პოლონეთის ჩემპიონატსაც კარგად იცნობს. 2017/2018 წლების სეზონზე კაჭარავა „კორონას“ სახელით ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც 29 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.