თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ბრიტანელმა მათემატიკოსმა მარტინ ჰაირერმა თავისი 180-გვერდიანი სამეცნიერო ნაშრომისთვის, რომელიც ფინჯანში ჩაის კოვზით მორევას უკავშირდება, პრემია Breakthrough Prize მიიღო 2,3 მლნ გირვანქა სტერლინგის ოდენობით, წერს გამოცემა Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, 44 წლის ჰაირერმა თავის ტრაქტატში, რომელიც ფინჯანში ჩაის მორევას ეფუძნება, „რეგულარობის სტრუქტურების“ იდეა აღწერა.
მათემატიკოსის ნაშრომმა კიდეც გააოგნა და კიდეც მოხიბლა მისი კოლეგები.
„ეს თეორია ალბათ უცხოპლანეტელებმა გამოუგზავნეს“, — იხუმრა მათემატიკის პროფესორმა ჯერემი კვასტელმა.
ჰაირერის კვლევაში აღწერილია, თუ როგორ გარდაიქმნება ისეთი ყოველდღიური პროცესი, როგორიც ჩაის მორევაა, რთულ მათემატიკურ განტოლებებად.
- „მათემატიკა — ეს ჭეშმარიტებაა. ყველაფერი, რასაც კი აღმოაჩენთ მათემატიკაში, მარადისობას განეკუთვნება“, — მიაჩნია ჰაირერს.
მათემატიკოსი გამოტყდა, რომ საპრემიო თანხით ლონდონში სახლის ყიდვას აპირებს.
პრემია Breakthrough Prize — ეს ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო პრემიაა, რომელიც მარკ ცუკერბერგმა, მისმა მეუღლე პრისცილა ჩანმა, Google-ის დამფუძნებელმა სერგეი ბრინმა და მისმა მეუღლე ენ ვოიჟიცკიმ, ჩინელმა მილიარდერებმა მა ჰუატენმა და ჯეკ მამ და ასევე რუსმა მეწარმე იური მილნერმა დააწესეს. პრემია ყოველწლიურად გაიცემა სამ კატეგორიაში: „გარღვევა მათემატიკაში“, „გარღვევა მედიცინაში“ და „ფუნდამენტური ფიზიკა“.