დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში რესტორნების დახურვის საკითხი შეიძლება დადგეს

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება დღითიდღე უარესდება, ზომები მკაცრდება, დიდ ქალაქებში კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, სწავლა 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. სკოლებში დისტანციურ სწავლებაზე სრულად გადასვლა არ იგეგმება, მაგრამ ამის თეორიული ალბათობა ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში არსებობს, განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ, წერს გაზეთი „რეზონანსი“.

შავიშვილი: აჭარაში კლასტერული ხედვა აღარ არის, ვირუსი ფართოდაა გაშლილი

კითხვას, როგორი უნდა იყოს ეპიდსიტუაცია, სკოლები სრულად სწავლების ონლაინ-რეჟიმზე რომ გადავიდნენ, ხუნდაძემ უპასუხა: „უარესი, ვიდრე დღესაა“.

საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის თქმით, გარკვეული შეზღუდვები თავშეყრაზე დღესაც მოქმედებს, თუმცა ისინი არ ეხება პოლიტიკურ მოვლენებს.

„სპორტული, კულტურული ღონისძიებები და სოციალური შეკრებები ამჟამად შეზღუდულია, მასობრივი თავშეყრა რესტორნებში - ქორწილები, ქელეხები და სხვა - დღემდე აკრძალული იყო მხოლოდ დახურულ სივრცეში, ახლა კი ღია სივრცეშიც აკრძალულია“, - განუცხადა ხუნდაძემ „რეზონანსს“.

ამასთან, მან განმარტა, რომ დღეს რესტორნებში მოქმედებს გარკვეული რეგულაციები, რომელთა თანახმად, მაგიდებს შორის დისტანცია უნდა იყოს არანაკლებ ორი მეტრისა, ერთ მაგიდასთან კი არ შეიძლება ათ კაცზე მეტის დაჯდომა.

„მაგრამ ეპიდსიტუაციის გამწვავების შემთხვევაში რესტორნების და ანალოგიური ადგილების დახურვის საკითხი დღის წესრიგში დადგება“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

მეზვრიშვილი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 165-ით გაიზარდა და 2392-ს მიაღწია, დღემდე გამოჯანმრთელდა 1370 ადამიანი, გარდაიცვალა – 19.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.