საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს საარჩევნო უბნები მსოფლიოს 40 ქვეყანაში გაიხსნება

ცესკოს პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ უბნების გახსნა კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლებების უზრუნველსაყოფად საპარლამენტო არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნები მსოფლიოს 40 ქვეყანაში გაიხსნება, განუცხადა ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა>>

მიქელაძის თქმით, ცესკო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და იღებს ინფორმაციას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ ამ დროისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. აღსანიშნავია, რომ უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც“, – განაცხადა მიქელაძემ.

ბოლო, საპრეზიდენტო არჩევნებზე 2018 წელს საზღვარგარეთ, მსოფლიოს 39 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მაშინ არჩევნების პირველ ტურში საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო 4801-მა ამომრჩეველმა, ხოლო მეორე ტურში – 9028 ამომრჩეველმა.

ვის აღარ მოუწევს ნარკოტესტის ჩაბარება: საარჩევნო კოდექსში ცვლილება შედის

2018 წელს საზღვარგარეთ დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა შეადგენდა პირველ ტურში – 57 637, ხოლო მეორე ტურში – 63 739 ადამიანს.

„მას შემდეგ, რაც საუბნო საარჩევნო კომისიები შეიქმნება საზღვარგარეთ, ინფორმაცია საარჩევნო უბნების შესახებ დაუყოვნებლივ განთავსდება ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყვნენ რეგისტრირებული საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.