„მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად“ - ამირან გამყრელიძის ანალიზი

კიდევ მინიმუმ ერთი წელი - ასეთია ეპიდემიოლოგების საკმაოდ არადამაიმედებელი პროგნოზი ჩვენი და COVID-19-ის ერთობლივ ცხოვრებაზე
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. შექმნილ სიტუაციაში კორონავირუსის შეკავება აღარ მოხერხდება იმავე მეთოდებით, როგორც ეს გაზაფხულზე ხდებოდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

რომელი შეზღუდვები ამოქმედდა კვლავ საქართველოში: აკრძალვების სია >>

მისი თქმით, ჩაკეტვისა და მკაცრი შეზღუდვების შემოღების დრო დასრულდა.

მაქსიმალურად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით, რომ შემთხვევათა ზრდა შევაკავოთ. შეკავება აღარ მოხდება იმ მეთოდებით, რაც ჩვენ გამოვიყენეთ გაზაფხულზე – ჩაკეტვით, იზოლირებით და მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით, რადგან სლოგანი ახლა გახლავთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად. ჩვენ მასთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს მინიმუმ ერთი წელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ეზუგბაია: „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებას ვახერხებთ“

ქვეყანაში ეპიდვითარების შეფასებისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 30 აგვისტოდან შემთხვევების ნახევარი აჭარაში გამოვლინდა და ის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება.

მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსისგან ლეტალობა შეადგენს 0,92%-ს, რაც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ინფიცირების ძალიან მკვეთრი მატების მიუხედავად პანიკის საფუძველი არ არსებობს. ადრეულ სტადიაზე COVID-19-ის გამოვლენაში ეპიდემიოლოგებს PCR-ტესტები და ექსპრეს-ტესტები ეხმარება, რაც სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, განაცხადა მან.

„შემთხვევების რაოდენობა იზრდება და რომელიც პროგნოზირებადი იყო, რომ ზაფხულში შიდა ტურიზმის განვითარებით და დიდი რაოდენობით ადამიანების მობილობის გაზრდის საფუძველზე, გვექნებოდა შემთხვევათა ზრდა, ისიც პროგნოზირებადი იყო, რომ შემთხვევათა ზრდის ერთ-ერთი წყარო შეიძლება ყოფილიყო შავი ზღვისპირეთი, რადგან მოსახლეობის დიდი რაოდენობის კონცენტრაცია იყო და არ ხდებოდა პირბადის ხმარება და დისტანციის დაცვა. ამ ყველაფერმა მოგვიტანა შემთხვევების ზრდა. ეს ზრდა სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ეზუგბაია: კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ აჭარას უკავშირდება

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.