ცერცვაძე: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც COVID-19-ის ვაქცინას მიიღებს

ვაქცინამდე კი ინფექციონისტები ურჩევენ მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და უსაფრთხოების ზომები
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი, ფართოდ გამოყენებადი ვაქცინა იქნება სავარაუდოდ 2020 წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში და საერთაშორისო ორგანიზაციებთან წარმატებული მოლაპარაკების შედეგად საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი იმ ქვეყნებიდან, ვინც მას მიიღებს, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

რომელი შეზღუდვები ამოქმედდა კვლავ საქართველოში: აკრძალვების სია >>

ცერცვაძემ მოსახლეობა დაამშვიდა და განმარტა, რომ გარკვეული ეპიდემიოლოგიური აფეთქების შემდეგ COVID-19-ის გავრცელების დინამიკა აუცილებლად შემცირდება.

ეზუგბაია: „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებას ვახერხებთ“

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პარასკევს ტესტირება 11 ათასმა ადამიანმა გაიარა და უახლოეს დღეებში ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, დამატებით 3000 საწოლის მობილიზება მოხდება, განაცხადა ცერცვაძემ.

დღევანდელი მონაცემებით, სამკურნალო დაწესებულებებში ჯამურად 831 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

მან ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა და ამავე დროს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის შესრულება სთხოვა.

„მოსახლეობას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და მოვუწოდებ, გავიხსენოთ ის, თუ როგორ ვასრულებდით კეთილსინდისიერად რეგულაციებს. 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი თეორიული ვადაა, რომლის შემდეგაც აღარ ველით, რომ გამოვლინდება დაავადება. ყველაზე ხშირად დაავადება ვლინდება მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს. გადამდებია სიმპტომების გაჩენამდე ერთი დღით ადრე და სიმპტომების გაჩენიდან 5-6 დღის განმავლობაში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 152-ით გაიზარდა და 2227-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.