საქართველოში დააკავეს ბერი, რომელიც მოზარდს რამდენიმე თვის განმავლობაში აშანტაჟებდა

ლევან ჯალაღონია,  რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა და საზოგადოებას მამა იოანეს სახელით ეცნობოდა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით 36 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან ჯალაღონია, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა და საზოგადოებას მამა იოანეს სახელით ეცნობოდა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, მამაკაცი  მას ფოტოსურათების ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებით დაემუქრა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს,  ბრალდებულის ნათესავია. კაცმა ის ჯერ დაარწმუნა, რომ მოჯადოებული იყო, შემდეგ კი უთხრა, რომ შესალოცად მისი შიშველი ფოტოები სჭირდებოდა. რამდენიმეთვიანი ზეწოლის შემდეგ, მოზარდმა დახმარება ოჯახის წევრებს სთხოვა.

„ძალიან გულიანი ადამიანი...“ – მამა შალვა კეკელია ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ. მისი თქმით, ჯალაღონიას დარღვევების გამო ზიარება აკრძალული ჰქონდა.

„ის არასოდეს ყოფილა მღვდლად ან დიაკვნად ხელდასმული. ბერად იყო აღკვეცილი და ეპარქიაში გარკვეული კანონიკური დარღვევების გამო აკრძალული ჰქონდა ზიარებაც კი. უკანონოდ ასრულებდა მღვდელმსახურებას და შეცდომაში შეჰყავდა ხალხი," - განაცხადა ჯაღმაიძემ.

გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.