თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. აფრიკის დასახლებაში კორონავირუსი დაუდგინდა ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს, რაც ახალი კლასტერის გაჩენის წყარო შეიძლება გახდეს, იუწყება Rustavi2.
მედიის ინფორმაციით, კარანტინის ზონაში გადაიყვანეს 17 ადამიანი, საიდანაც ათს კორონავირუსი დაუდგინდა. საუბარია გუმათ-ჰესის ქუჩაზე, 17 ნომერში მრავალბინიანი სახლის მობინადრეებზე.
კორპუსში, რომელშიც ინფიცირებულები ცხოვრობენ, დეზინფექცია უკვე ჩატარდა.
ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. დგინდება ინფიცირებული პირების კონტაქტები.
როგორც ცნობილია, ინფიცირებულები ახლახან დაბრუნდნენ ბათუმიდან.
გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 152 შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2227-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.