გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კორონავირუსი ამ დროისათვის ორ ქართველ ოპოზიციონერს დაუდგინდა. ესენი არიან ლევან გოგოჩაიშვილი და თაკო ჩარკვიანი
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. პარტია „ახალი საქართველოსა“ და ოპოზიციური კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ბრიფინგზე.

გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გუშინ, მას შემდეგ გადავიდა, რაც პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერს თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ ჯონი გიგანს კორონავირუსი დაუდასტურდათ.  ვაშაძის განცხადებით, ჩარკვიანთან ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ, ღია სივრცეში ჰქონდა.

თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩიხლაძის განცხადებით, პარტიაში თაკო ჩარკვიანის 87 კონტაქტია მოძიებული. მათთვის ტესტირების ჩატარება დღეისთვისაა დაგეგმილი.

„გიორგი ვაშაძემ ანტისხეულებზე როგორც „პისიარ“, ასევე სწრაფი ტესტირება ჩაიტარა. პასუხი არის უარყოფითი. შედგენილია 87-კაციანი სია, რომელიც გადაგზავნილია დაავადებათა კონტროლის ცენტრში და შესაბამისად, დღეს უკვე დაგეგმილია ტესტირება. შესაბამისი პასუხები ხვალ იქნება ცნობილი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

თაკო ჩარკვიანს Covid-19 გუშინ დაუდასტურდა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართველ პოლიტიკოსს ინფექცია დაუდასტურდა. ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ COVID-19 აქვს პარლამენტის დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს, ასევე მის მეუღლეს, „ტვ პირველის“ თანამშრომელს ვიკა ბუკიას.

ტელეკომპანია Rustavi-2-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა >>

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული რიცხვი გამოვლინდა - 158. ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.