ეზუგბაია: „სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებას ვახერხებთ“

სამედიცინო დირექტორის თქმით, ბათუმში, რომელიც კორონავირუსის ერთ-ერთი ფართო კერაა, და ასევე ცაგერში უკვე ლოკალიზება შეინიშნება
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 158 შემთხვევიდან 87 აჭარას უკავშირდება, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

კორონავირუსითა და გრიპით ერთდროული ინფიცირება უკიდურესად საშიშია: ექიმის განმარტება >>

ეზუგბაიას განმარტებით, რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, 28 შემთხვევა სამეგრელოს უკავშირდება, 19 - იმერეთს, 6 - გურიას, 18 კი თბილისს. 

მისი თქმით, შემთხვევების გამოვლენა ეპიდემიოლოგების აქტიური მუშაობის შედეგია.

„ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში აქამდე არ ყოფილა, მაგრამ ეს რიცხვი პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. ძალიან სწრაფად მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება და მათი მყისიერი გამოკვლევა. ბათუმში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ დაავადების გავრცელების შეჩერებას ვახერხებთ და ბათუმი თითქმის ლოკალიზებულია, ისევე როგორც ცაგერი. ტარდება აქტიური ზომები იმერეთსა და სამეგრელოში. მიმდინარეობს კონტაქტების აქტიური კვლევა, და ამის კვალდაკვალ, რა თქმა უნდა, იზრდება დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, მაგრამ სწორედ ამას მივყავართ დაავადების ლოკალიზაციისკენ“, - აღნიშნა  ეზუგბაიამ.
მასწავლებლებს, რომლებიც აჭარაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე შეამოწმებენ

ამასთან, მარინა ეზუგბაიას არ დაუკონკრეტებია, რამდენ შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია.

რაც შეეხება ქუთაისს, სადაც ქალაქის ცენტრში კარავში მოქალაქეთა უფასო ტესტირება მიმდინარეობს, აქ 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ორი დადებითი პასუხი კარავში აღებულმა PCR-ტესტმა აჩვენა. ისინი ქუთაისის N32 საჯარო სკოლის კონტაქტები არიან. მისივე თქმით, დღევანდელი 21-ვე შემთხვევა სკოლას უკავშირდება, მთლიანობაში - 66.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების დინამიკა კლებისკენ მიდის.

„კარგია, რომ დინამიკა კლებისკენ მიდის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, თუ კიდევ ვინმეს ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ პედაგოგებთან, ჩაიტარონ ტესტები“, – განუცხადა პირველ არხს შალამბერიძემ.

გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. დღეს 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ასეთი მაღალი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა. ბოლო რამდენიმე დღეა ინფიცირების კუთხით ყოველდღე ანტირეკორდი მყარდება.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2075-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1363 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.