თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველომ „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა და 8.18 ქულით მე-8 პოზიცია დაიკავა. რეიტინგი გამოქვეყნებულია კანადური Frazer Institute-ის მიერ, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
2019 წელს საქართველო ამ რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებდა. ახალი შედეგის მიხედვით რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ირლანდია (მე-9), კანადა (მე-12), დიდი ბრიტანეთი (მე-13), ესტონეთი (მე-14), იაპონია (მე-19), გერმანია (21-ე), ჰოლანდია (24-ე), ავსტრია (26) და სხვა.
„საქართველო ბოლო პერიოდში ყოველთვის ლიდერი ქვეყნების ტოპ-ათეულშია. წელს ჩვენ ძალიან ბევრ მაღალგანვითარებულ ქვეყანას ვუსწრებთ, მათ შორის, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, კანადას, პოსტსაბჭოთა სივრცეში პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის რეფორმების დამსახურებაა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგი ქვეყნებს აფასებს ხუთი ძირითადი მიმართულებით. გასულ წელთან შედარებით, საქართველომ თავისი პოზიციები გაიუმჯობესა ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და „მყარი ვალუტა“.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქვეყანამ უმაღლესი - 10 ქულიანი შეფასება მიიღო ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე; უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება; შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა; ფინანსური გახსნილობა; კომერციული ბანკების არსებობა და სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.