თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ ახალი სეზონი საქართველოს ეროვნული მუზეუმის სოციალური დისტანცირებით მოწყობილ შიდა ეზოში გახსნა.
დასის მეხუთე, 2020-2021 წლის სეზონის გახსნაზე 10 სექტემბერს გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია – საბალეტო მინიატურები წარმოადგინეს.
წარმოდგენები დღეს და ხვალ, 12 და 13 სექტემბერს 20:00 საათზე გაიმართება.
საბალეტო მინიატურები წარმოდგენილია ბახის, კორელის, მერსეს, შოსტაკოვიჩის მუსიკაზე. ასევე გაიმართა გია ყანჩელის „ფსალმუნის“ პრემიერა.
დასის სამხატვრო ხელმძღვანელი მარიამ ალექსიძეა.
ორგანიზატორთა თქმით, პრემიერაზე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია დაცული იქნება.
„მაყურებელთა სივრცე გათვლილია 100 ადამიანზე, სოციალური დისტანცირებისა და ყველა სხვა საჭირო რეგულაციების გათვალისწინებით“, - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.