მსოფლიო დღეს

რეპერ ემინემს უცნობი მამაკაცი მოსაკლავად თავს დაესხა: ვრცელდება ვიდეო

თავდამსხმელი დაკავებულია და მას 25 წლით პატიმრობა ემუქრება სახლში უკანონოდ შეღწევისა და სხვისი ქონების დაზიანებისთვის.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. უსახლკარო მამაკაცმა რეპერ ემინემის სახლში შეაღწია მის მოსაკლავად, იუწყება Detroit Free Press პოლიციაზე დაყრდნობით.

როგორც ირკვევა, ინციდენტი ჯერ კიდევ აპრილში მომხდარა, მაგრამ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა.

რეპერმა პოლიციას აცნობა, რომ შუაღამისას მოულოდნელად გაეღვიძა და იქვე მდგომი უცნობი მამაკაცი დაინახა. კითხვაზე – „აქ რას აკეთებ?“ მამაკაცმა ემინემს უპასუხა, რომ მის მოკვლას აპირებდა.

რეპერის თქმით, მან უცნობი გასასვლელისკენ „გააცილა“, თუმცა როგორ გააკეთა ეს, ამაზე ინფორმაცია არ არის. სახლის კართან ბოროტგანმზრახველი დაცვამ დააკავა და პოლიციას გადასცა.

სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელმა მამაკაცმა, სახელად მეთიუ ჰიუზმა, ემინემის სახლის ერთ-ერთი ფანჯარა აგურით ჩაამსხვრია და შენობაში ასე შეაღწია. ჰიუზი ამ დროისათვის დაკავებულია და მას 25 წლით პატიმრობა ემუქრება.