ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

ორი მსჯავრდებული სასამართლომ დამნაშავედ აღიარა განზრახ მკვლელობის მცდელობაში, კიდევ ორი – დანაშაულის შეუტყობინებლობაში.
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის თითოეულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება „პირველი არხი“.

„რობოტის საშუალებით გადაადგილდება“ – ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას ფოტოს აქვეყნებს>>

სასამართლომ ასევე გამოუტანა განაჩენი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პეტრე ყუფარაძეს – მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამავე ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს კახა ჩხეტიანს ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა.

ცოტნე გამსახურდია თურქეთიდან გერმანიაში გადაიყვანეს

ყუფარაძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო და ის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილს ცოტნე გამსახურდიას 2019 წლის 19 დეკემბრის ღამით თბილისში, გალის ქუჩაზე თავს დაესხნენ და რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს როგორც ცივი იარაღით, ასევე ბლაგვი საგნით. საავადმყოფოში მას იმავე ღამით ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავაც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩებოდა.

ოჯახის გადაწყვეტილებით ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს.